დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წირვაზე ქართულთან ერთად რუსული ენაც ისმოდა

დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წირვაზე ქართულთან ერთად რუსული ენაც ისმოდა, გალობდა რუს მგალობელთა გუნდი. ინფორმაცია თავდაპირველად “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” მიერ გავრცელდა, მოგვიანებით საპატრიარქომ განმარტა, რომ რუსულ ენაზე წირვის ჩატარების უფლება ქართულ ეკლესიას უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულმა სასულიერო პირთა ჯგუფმა თხოვა, რომლებსაც სურდათ სვეტიცხოველში ელოცათ.

“მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.